მოვითხოვთ, მოხდეს მოძალადე სპეცრაზმელების იდენტიფიცირება და დაისაჯონ დამნაშავეები - გიორგი კაპანაძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველა მოძალადე სპეცრაზმელების იდენტიფიცირებას და მათი კანონის მოთხოვნით დასჯას ითხოვს.
საუბარია, სპეცრაზმის იმ თანამშრომლებზე, რომლებიც 8-9 მარტის აქციაზე ახალგაზრდებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ.
ამასთან, როგორც ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
საზოგადოებამ იხილა კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეო-მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ძალადობენ სპეცრაზმის თანამშრომლები წაქცეულ ახალგაზრდაზე.
როგორ აგდებენ ასფალტზე, უსწორდებიან წიხლებით და სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს.
სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა.
აშკარაა რომ რუსული ოცნების მიერ წახალისებულმა სამართალდამცავთა ნაწილმა გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და იძალადა ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე, მოზარდებზე.
ამიტომ, მოვითხოვთ რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე.
მოხდეს მოძალადე სპეცრაზმელების იდენტიფიცირება და დაისაჯონ დამნაშავეები, კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
ამავე დროს, მოვითხოვთ რომ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, ზვიად ხარაზიშვილს, მეტსახელად ხარებას, რომელიც ხელმძღვანელობდა სადამსჯელო ოპერაციას.
ყველამ უნდა იცოდეს რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ ქართველი ახალგაზრდების, ყურსასმენიანი თაობის აქტიურობით, უკვე დამარცხდა საქართველოში"- თქვა გიორგი კაპანაძემ.