ივანიშვილი არის პოლიტიკის არა ავტორი, არამედ შემსრულებელი - ლევან ვასაძე

11.05.21 15:34
ივანიშვილი არის პოლიტიკის არა ავტორი, არამედ შემსრულებელი - ლევან ვასაძე

ბიზნესმენი და პოლიტიკური მოძრაობა ,,ერის" დამფუძნებელი, ლევან ვასაძე, ზუგდიდში,  დადიანების სასახლის ეზოში,  ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. ვასაძე აცხადებს, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანია არ არის. მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის ავტორი კი არა , შემსრულებელია.

ჩვენი ამოცანა არის, რასაც გავწვდებით, მოვიაროთ ყველა დაბა და ქალაქი, თითოეულ ასეთ ჩასვლაზე გვაქვს ორმაგი ამოცანა. ჩვენ ვეკითხებით, რა სტკივა ქალაქს, რა პრობლემები აქვს და რა გამოსავალს ხედავენ და მეორე, ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს ხედვას, რა ხდება ქვეყანაში, ეს არ არის საარჩევნო კამპანია.

ვაკრიტიკებ ბიძინა ივანიშვილს არა პიროვნულად, არამედ მის პოლიტიკას, მაგრამ ცოტა სიტუტუცედ მივიჩნევდი, ვაკრიტიკო ის კაცი, რომელიც არის არა ავტორი, არამედ შემსრულებელი - აცხადებს ლევან ვასაძე.

ტვ პირველმა ზუგდიდში ლევან ვასაძისა და ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას შეხვედრის კადრებიც დააფიქსირა. ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი სკანდალის ფიგურანტი, კეკუტია, აცხადებს, რომ ვასაძე მისი მეგობარია და მათი შეხვედრა პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა განიხილონ.

ვასაძე ჩემი მეგობარი კაცია და გადავწყვიტე, მენახა, პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ. ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან, მეგობრობის გარდა არაფერი მაკავშირებს ვასაძესთან - აცხადებს კლიმენტი კეკუტია.

ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება 6 მაისს გამოაცხადა. 16 მაისს ის თბილისში საყოველთაო შეკრებას აანონსებს, სადაც შეკრებილებს საკუთარ პოლიტიკურ გეგმებს გააცნობს.

 

მსგავსი სიახლეები