რეალური პრემიერი გომელაურს გადააყენებდა - მელიას თქმით, გახარიამ მისი დაკავება "გონივრულად" გამოიყენა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისი დაკავება პოლიტიკურად გამოიყენა და გადადგომის საბაბად აქცია.
ნიკა მელიამ "რეაქციაში" სტუმრობისას თქვა, რომ მთავრობის მეთაურს შეეძლო შინაგან საქმეთა მინისტრი გადაეყენებინა, თუ ოპოზიციის ლიდერის დაკავებას ეწინააღმდეგებოდა:
გახარიამ ჩემი შემთხვევით ძალიან გონივრულად ისარგებლა. მე ასე ვფიქრობ - ადამიანს თუ წასვლა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, არამგონია თანამდებობიდან ჩემს გამო წასულიყო. უბრალოდ ხელსაყრელი მომენტი ჩაიგდო ხელში. რეალური პრემიერ-მინისტრი, თუ არ ეთანხმებოდა (მელიას დაკავებას) გომელაურს გადააყენებდა. მაგრამ გახარია ვისი გადამყენებელი იყო?! "- თქვა ნიკა მელიამ.
ენმ-ს ლიდერის თქმით, გახარიამ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი:
გამოჩნდება ბატონი გახარია პოლიტიკურ ავანსსცენაზე, გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, სწორედ ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენ შეფასებებს.
ბატონი გახარია, თუ თქვენ ეთერში მოვა და ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს არ დაუძახებს, მურუსიძეზე იტყვის, რომ ადამიანი ცუდი იყო და ახლა კარგი გახდა, შალვა თადუმაძეზე იტყვის რომ სამართლიანი მოსამართლეა, 20 ივნისზე კითხვებს თუ პასუხები გაეცემა, ჩვენი გამოხმაურება არ დააყოვნებს"- აცხადებს მელია.