ხურვალეთში შეიარაღებული რუსი ოკუპანტები დააკავეს

08.03.21 11:44
ხურვალეთში შეიარაღებული რუსი ოკუპანტები დააკავეს

ხურვალეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეიარაღებული მესაზღვრეები დააკავეს. საქართველოს ხელისუფლების  კონტროლირებად ტერიტორიაზე ორი მესაზღვრე ტრაქტორისტის მოსატაცებლად გადმოვიდა.

ადგილობრივი მცხოვრები, რამაზ ჩალაური ე.წ. საზღვრიდან 500 მეტრში მიწას ხნავდა, როდესაც ოკუპანტები შენიშნა და გაიქცა.  ოკუპანტებმა ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს. სწორედ ამ დროს მოაქცია ალყაში ოკუპანტები პოლიციამ, იარაღი ჩამოართვა და დააპატიმრა.

ჩვენ ბაღებში ვმუშაობდი, ბანერიდან ერთი ხუთასი მეტრის ზევით. გამოიქცა ეს რუსი დიდი მანქანით, დამედევნა, მე დავაგდე ეს ტრაქტორი და გამოვიქეცი პიკაპისკენ, ჩვენებისკენ. მდიეს, მდიეს, ვერ დამიჭირეს. ორნი იყვნენ. „გაჩერდი არ გაიქცეო!“ და ვერა, ვერ დამეწივნენ. გამოვიქეცი. ჰაერში ისროდნენ, გინდაც რომ ესროლათ, მაინც არ გავჩერდებოდი, - ამბობს რამაზ ჩალაური.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტები ხურვალეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გაუშვეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არგაღიზიანების პოლიტიკას განაგრძობს. მისი თქმით, ხელისუფლებას დაკავებული რუსი მესაზღვრეები იმ ქართველ მოქალაქეებში უნდა გაეცვალა, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დაპატიმრებული.

სამწუხაროა ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაეცვალა ეს ოკუპანტები ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც იმყოფებიან საოკუპაციო რეჟიმების ტყვეობაში. შეგახსენებთ, რომ ხუთი ჩვენი მოქალაქე ჰყავთ დაპატიმრებული რუსებს და ისინი იმყოფებიან ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში. ასე რომ, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება კვლავ რჩება იმ ერთგული არგაღიზიანების, რომელსაც ის აწარმოებს უკვე წლებია და ვხედავთ, რამდენად წარუმატებელია მისი ეს ქმედება, - ამბობს ქაცარავა.