მელია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - სტრასბურგმა სარჩელი მიიღო

11.05.21 23:38
მელია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - სტრასბურგმა სარჩელი მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე კომუნიკაციას დაიწყო. როგორც ირკვევა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას კითხვები უკვე გამოუგზავნა. 

ევროპული სასამართლო საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება კითხვაზე პასუხს -  რამდენად არსებობდა კონვენციით გათვალისწინებული დაპატიმრების საფუძვლები. ადვოკატების ინფორმაციით,  ამ კონტექსტში სასამართლო ახსენებს საქმეებს „ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ" და „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ".

უფლებადამცველების თანახმად,  სასამართლო კითხვას სვამს მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებითაც. 

ნიკა მელიას ბრალად ედება  2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ენმ-ს ლიდერი ამ მუხლით დააკავეს კიდეც, მან ციხე გუშინ, 10 მაისს, ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს შემდეგ დატოვა. ამ პროცეს წინ პოლიტიკური კრიზისი და ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა.