"ოცნების" ახალი თავსატეხი - ევროსასამართლოს მელიას დაკავებაზე კითხვები აქვს
მელია საქართველოს წინააღმდეგ - ევროპული სასამართლო საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება კითხვაზე პასუხს - რამდენად არსებობდა კონვენციით გათვალისწინებული დაპატიმრების საფუძვლები.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, კითხვარში ნახსენებია ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა „ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ" და „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ".
ასევე ხაზგასასმელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას კითხვა დაუსვა 18-ე მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მეთვრამეტე მუხლი არის კონვენციის ის მუხლი, რომლის დარღვევა დღის წესრიგში დგება მაშინ, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დევნა"- აცხადებს საძაგლიშვილი.
მისი თქმით, მელიას საქმეში "ქართული ოცნების" ლიდერების აღიარებები დევს:
აღიარება გვაქვს მოსმენილი ირაკლი კობახიძის, რომელსაც უკან პოლიტიკური საბჭო ედგა სრული შემადგენლობით, გიორგი გახარიასგან რომ ნიკა მელიას დაჭერა არ იყო სამართლიანი. ეს იყო "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოპონენტი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ"- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
ნიკა მელიას კიდევ ერთი ადვოკატი, ბექა ბასილია, აღნიშნავს, რომ ევროსასამართლო დაადასტურებს, როგორ იყენებს "ოცნება" პროკურატურას და სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის.
ნიკას დაკავების სამართლიანობასთან დაკავშირებით, იქნა კითხვები წარმოდგენილი და იქნა კითხვები წარმოდგენილი დაკავების მოტივთან დაკავშირებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგანაც ყველას კარგად გვესმის რომ ნიკას დაჭერა, ისევე როგორც ახლა მისი გათავისუფლება, ეს თავიდანვე პოლიტიკური აქტი იყო. ,,ქართული ოცნება" სასამართლოს და პროკურატურას იყენებს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს პოლიტიკური ოპონენტების საწინააღმდეგოდ"- თქვა ბასილიამ.