,,ქართული ოცნების" გარდა, ამ ქვეყანაზე რეგვენი არავინაა - გიგი უგულავა

12.05.21 14:46
,,ქართული ოცნების" გარდა, ამ ქვეყანაზე რეგვენი არავინაა - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ,,ოცნების" მესიჯბოქსს აფასებს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ნიკა მელიას სარჩელის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთდა. მმართველი პარტია სარჩელის სათაურზე ,,ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ"  აკეთებდა აქცენტს. 

გიგი უგულავა აცხადებს რომ ყველა საქმეს, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკოსმა სასამართლოში შეიტანა, ანალოგიური სათაური აქვს და ამ ფორმალობაზე აქცენტის გაკეთება ,,ოცნების" იაფფასიანი პიარია.

ის საქმეები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ 10 -15 წლის წინაც იყო წარმოებული, ასე სათაურდებოდა: ესა და ეს ადამიანი საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ რომ ის უჩივის საქართველოს მთავრობას, რომელმაც ადამიანის უფლებები დაარღვია. ეს პრაქტიკაა.

ასეთი ბინძური, ბრიყვული, იაფფასიანი, გაუნათლებელი პიარი მათ უკან მიუბრუნდებათ იმიტომ, რომ რეგვენი ამ ქვეყანაში არავინ არ არის, გარდა ,,ქართული ოცნების" დეპუტატებისა, რომლებიც ხბოს აღტაცებით ამ მესიჯბოქსს იმეორებენ. 

იმეორეთ, მეგობრებო! რაც უფრო მეტჯერ იტყვით მაგ სისულელეს, მით უფრო იდიოტებად გამოჩნდებით საზოგადოების თვალში - აცხადებს გიგი უგულავა.