დამირეკა რამაზ ბეღელურის დედამ და მითხრა, რომ ის პოლიციამ წაიყვანა - ქაცარავა
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერის, დავით ქაცარავას, ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული რამაზ ბეღელური პოლიციამ წაიყვანა.
ქაცარავა ბეღელურის დედაზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცი სახლიდან სავარაუდოდ, გორში დასაკითხად გადაიყვენეს.
ქაცარავა აღნიშნავს, რომ პოლიციაში შეეცდებიან, ბეღელური გადაარწმუნონ, რომ ოკუპანტების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში იჩივლოს.
შეგახსენებთ, რამაზ ბეღელური გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ამ რამდენიმე წლის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს 4-ჯერ და აქედან 3-ჯერ სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამჟამად ის გადის მკურნალობის კურსს.
ასევე, რამაზ ბეღელურმა გაბედა და ღიად ისაუბრა იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც მან განიცადა ოკუპანტების მხრიდან და განაცხადა თანხმობა, მისი საქმე წასულიყო სტრასბურგის სასამართლოში.
სარჩელი მომზადების პროცესშია და როგორც კი იქნება მზად, გაიგზავნება სტრასბურგში.
დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მისი წაყვანა პოლიციაში უკავშირდება სისხლის სამართლის აღძვრას ოკუპანტების წინააღმდეგ და არა პირიქით.
ჩვენ ველოდებით მის გამოსვლას და კომუნიკაციის დამყარებას რამაზ ბეღელურთან.
დიდი იმედი მაქვს, არ ექნება ადგილი მისი გადარწმუნების მცდელობას"- წერს ქაცარავა.
რამაზ ბეღელური ცხინვალის ციხიდან 1 აპრილს გაათავისუფლეს და დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის 2 თვის განმავლობაში იყო ტყვეობაში. ირკვევა, რომ ქართველ ტყვეს ოკუპანტები გასაღებების მძიმე ასხმით დაზიანებებს თავს არეში აყენებდნენ. ბეღელურის დედა ამბობს, რომ მის შვილს ცხინვალის იზოლიატორიდან გამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემებიც აღენიშნებოდა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა, აცხადებს, რომ ბეღელურმა მას თავად გაუმხილა, როგორ ცდილობდა ქართული პოლიცია, დაეყოლებინა ბეღელური, ცხინვალის ციხეში წამების ფაქტი დაემალა.