გამოძიება დაადგენს, უკავშირდება თუ არაჯანმრთელობის დაზიანება სხვა პირის ქმედებას - მდინარაძე ბირიაშვილზე

05.04.23 14:28
გამოძიება დაადგენს, უკავშირდება თუ არაჯანმრთელობის დაზიანება სხვა პირის ქმედებას - მდინარაძე ბირიაშვილზე

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აქციაზე დაშავებულ ზაზა ბირიაშვილთან დაკავშირებით დასადგენია, უკავშირდება თუ არა ერთ თვალში მხედველობის დაკარგვა სხვა პირის ქმედებას.

მისივე თქმით, გამოძიება თავის ვადაში და დროში მიმდინარეობს და თუ დადგინდა, რომ მან დაზიანება სავარაუდო დანაშაულის შედეგად მიიღო, ამ შემოხვევაში მიენიჭება ბირიაშვილს დაზარალებულის სტატუსი. 

"აქ საუბარია იმაზე, უკავშირდება თუ არა ჯანმრთელობის დაზიანება სხვა პირის მოქმედებას, მიზეზ-შედეგობრიობაზეა საუბარი, თუ ეს დადასტურდება, ამას გამოძიება მიხედავს აუცილებლად. თუ ადამიანის რაღაც ჯანმრთელობის ფუნქციის მოშლა შეიძლება უკავშირდებოდეს სხვა პირის მოქმედებას, ამ მიზეზ-შედეგობრიობაზე თუ გავა გამოძიება და აუცილებლად უნდა გავიდეს, ამ ადამიანთან დაკავშირებით იქნება კითხვის ნიშნები გამოძიების მხრიდან, ამას ვგულისხმობ. თუ დადგინდება, გამოძიების მიერ, რომ მას სავარაუდო დანაშაულის შედეგად შესაძლოა ეს დაზიანება მიეღო, თუ ეს ვერ დადგინდება, სტატუსი ვერ ექნება. გამოძიება მიდის", - თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მანამდე, დეპუტატმა გია ვოლსკიმ კითვხის ნიშნის ქვეშ დააყენა ბირიაშვილის მხედველობის დაკარგვა.

ზაზა ბირიაშვილს, რომელმაც მარტის აქციაზე თვალში მხედველობა დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი ისევ არ აქვს. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სჭირდება. ბირიაშვილს 7 მარტს აქციაზე სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თვალში.