ტოტალური თვალთვალი საჯარო უწყებებში -"ქართული ოცნება" ახალ სკანდალში ეხვევა
ტოტალური თვალთვალი საჯარო უწყებებში -"ქართული ოცნება" ახალ სკანდალში ეხვევა. ოპოზიციის, ჟურნალისტების და მღვდლების შემდეგ, ირკვევა, რომ ხელისუფლება უკანონოდ საჯარო მოხელეებსაც უსმენს და უთვალთვალებს.
კონტროლდება ყველა საჯარო უწყებაში თანამშრომლების პერსონალური კომპიუტერები - ვინ რომელ საიტზე და რა მიზნით შევიდა. ყველა ეს მონაცემი არქივდება და სერვერზე გროვდება.
თანამშრომლების პერსონალურ ინფორმაციას უკანონოდ მოპოვების ფაქტი ინსპექტორის სამსახურმა ერთ -ერთ სამინისტროში უკვე დაადასტურა, თუმცა არსებობს ეჭვი რომ ადამიანების პერსონალურ მონაცემებს ყველა უწყებაში უკანონოდ აგროვებენ.
უფრო კონკრეტულად, ყველაფერი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოში, ანონიმურად შესული შეტყობინებით დაიწყო, სადაც წერილის ავტორი ამბობდა, რომ ერთ-ერთ უწყებაში თანამშრომელთა პირად მონაცემებს უკანონოდ მოიპოვებდნენ.
საგამოძიებო უწყებამ კი დაადგინა რომ ამ უწყებაში 3 000 კომპიუტერში ჩამონტაჟებული იყო ისეთი პროგრამა სადაც დასაქმებულების შესახებ ინფორმაცია გროვდებოდა. საუბარია მათ შორის სოციალურ ქსელში პირად მიმოწერებზე.
აღსანიშნავია, რომ სერვერზე წვდომა სამინისტროს 30 მაღალჩინოსანს ჰქონდა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში სანდრო შელია "პირველებს" ეუბნება, რომ სამუსაო ეკრანის ჩარევა პირად სივრცეში ჩარევაა და მსგავსი პროგრამის თანამშრომლების გაუფრთხილებლად დაყენება თვალკთვალია:
„ნორმალური მიღებული პრაქტიკა არის, სხვადასხვა ტიპის ანტივირუსული, პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება სახელმწიფო კომპიუტერებზე. ასევე, შეიძლება შემოღებულ იქნას გარკვეული შეზღუდვები გარკვეულ საიტებზე შესვლის ან პროგრამის თვითნებურად დაყენების კომპიუტერზე, მაგრამ როდესაც საუბარი მიდის მთლიანად ეკრანის ჩაწერაზე და ყველა ღილაკის დაჭერის დაფიქსირებაზე ჩემი აზრით და ბევრი ადამიანის აზრით , დარწმუნებული ვარ, ეს არის ჩარევა პირად სივრცეში ადამიანის. მითუმეტეს თუ ეს კეთდება გაუფრთხილებლად რა თქმა უნდა ეს არის თვალთავლი" - სანდრო შელია.
საერთაშორისო რისკებზე საუბრობს კიდევ ერთი სპეციალისტიც, ანდრია გოცირიძე აღნიშნავს, რომ საეჭვო რეპუტაციის მქონე პროგრამების გამოყენება მტრულად განწყობილი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს გზას უხსნის:
„საეჭვო რეპუტაციის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება ამ მიზნისთვის თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი რისკების წარმომშობია, რომ არაფერი ვთქვათ პერსონალური ინფორმაციის დაცვის საკითხებზე. სავსებით შესაძლებელია, საერთაშორისო თაღლითები ამ წუთას ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოები სარგებლობენ ასეთი ხვრელით და უკვე მათ ხელში ხვდებოდეს ინფორმაცია, ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის თანამაშრომლების მისწრაფებებზე, მიდრეკილებებზე, გნებავთ სუსტ წერტილებზე, გნებავთ შემოსავლის წყაროზე" - ანდრია გოცირიძე.