ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან - კობახიძე აშშ-ზე
"ოცნების“ თავმჯდომარე მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს - ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის სანქცირების ფაქტის შეფასებისას თქვა, რომ “ბევრი თემა” არსებობს, მათ შორის რას ითხოვდნენ სატელეფონო საუბრებში.
მიუხედავად უმძიმესი ბრალდებისა კობახიძემ თქვა, რომ დეტალებზე საუბარი დღეს არ სურს და თქვა, რომ "შესაძლოა მომავალში დადგეს ამის დრო".
„ჩვენ ბევრი სხვა თემაც გვაქვს, დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად. ჩვენი პრინციპია ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი"- განაცხადა "იმედის" ეთერში ირაკლი კობახიძემ.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.