ზურაბიშვილმა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მითხრა, რა გინდათ, აგერ, ზელენსკი გმირია, თქვენ იყავით მასეო - კობახიძე
ახალი იერიში პრეზიდენტის წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილზე ფაქტობრივად თქვა, რომ ქვეყნის მთავარსარდალს ომში ჩაბმა უნდოდა. ტელე იმედის ეთერში, კობახიძე ამტკიცებდა რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაპუაშვილთან ერთად ზურაბიშვილს შეხვდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მტკიცებით, ზურაბიშვილმა ამ შეხვედრაზე ზელენსკის გმირი უწოდა, საქართველოს ხელისუფლებას კი უმოქმედობა დააბრალა.
"მე მახსენდება შეხვედრა მქონდა სალომე ზურაბიშვილთან, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 28-27 თებერვალი, 24 -ში დაიწყო ომი. შარშანდელ პერიოდზე მაქვს საუბარი. შალვა პაპუაშვილთან ერთად მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა: რა გინდათო. გავიკვირვე მე. ჩვენ რა უნდა გვინდოდეს, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა, მეთქი, ასეთი პასუხი დავუბრუნე - თქვენ გვითხარით, რა გინდათ - მეთქი. აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო. თან მაშინ უკვე უმძიმესი სიტუაცია იყო უკრაინაში. რამდენიმე მხრიდან უტევდნენ უკრაინას. კიევში იყვნენ შესული. სახტად დავრჩი. ასეთ რაღაცას მეუბნება, რომ თქვენ იყავით მასეო, აგერ, ზელენსკი გმირიაო. ჩემ პასუხს არ ვიტყვი , რა ვუპასუხე. ალბათ, სამომავლოდ მექნება ამის საშუალება. დღეს არ ღირს ამაზე საუბარი, მაგრამ ეს არის დამოკიდებულება" , - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, "პრეზიდენტმა მოგიწოდათ ომის დაწყებისკენ", კობახიძემ უპასუხა: "ეს იყო ციტირება , დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს".