"უთხრეს, თუ საქმის აცილება უნდოდა, ოპერაცია გაეკეთებინა, მოსამართლე სასამართლოს წინ თავის ჩამოხრჩობას აპირებდა" - წიქარიშვილი

07.04.23 13:10
"უთხრეს, თუ საქმის აცილება უნდოდა, ოპერაცია გაეკეთებინა, მოსამართლე სასამართლოს წინ თავის ჩამოხრჩობას აპირებდა" - წიქარიშვილი

სასამართლო კლანმა ერთ-ერთ მოსამართლე თვითმკვლელობამდე მიიყვანა - კახა კოჟორიძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას "პირველებს" კიდევ ერთი იურისტი კახა წიქარიშვილიც უდასტურებს, რომელიც ასევე ესწრებოდა ამ შეხვედრას.

წიქარიშვილი ყვება, რომ ყოფილი მოსამართლის მონათხრობით, მას არ სურდა, რომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოეტანა, რადგან ძალიან დიდი წნეხი იყო, როგორც მოსამართლეთა კლანის მხრიდან, ისე მმართველი პარტიის მხრიდან.

წიქარიშვილი ამბობს, რომ კლანის ერთ-ერთმა გავლენიანმა შეფმა ყოფილ მოსამართლეს სთხოვა, რომ იმ შემთხვევაში თუ მას სურდა საქმეს ჩამოცილებოდა, ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. 

ასევე, უნდა ითქვას, რომ ყოფილი მოსამართლე სრულიად ჯანმრთელი იყო და მას ოპერაცია არ სჭირდებოდა. 

წიქარიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ უზენაესი სასამართლოს წინ თავის ჩამოხრჩობას აპირებდა.

„მან თქვა, რომ მას აიძულებდნენ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას, როდესაც უარი განუცხადა, ამ მოსამართლეს უთხრეს, რომ მაშინ საქმე უნდა აეცილებინა და ამისათვის მას უნდა გაეკეთებინა ოპერაცია და დაწოლილიყო საავადმყოფოში. დაუკავშირდა ექიმს და უკვე შეთანხმებული ჰქონდა ოპერაცია, როგორც თვითონ თქვა ,უნდა გაეკეთებინა ოპერაცია ჯანმრთელ ადამიანს და დაწოლილიყო საავადმყოფოში, რათა ეს საქმე აეცილებინა. პარალელურად, ის ფიქრობდა თვითმკვლელობაზე და მას ჰქონდა განზრახული, რომ დემონსტრაციულად ჩამოეხრჩო თავი უზენაეს სასამართლოს წინ. იმ ღამით, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მას მიაკითხა კლანის ერთ-ერთმა წევრმა და უთხრა, რომ ის შეიცვალა ამ საქმეზე ამიტომ შეეძლო, რომ საერთოდ აღარაფერი აღარ გაეკეთებინა და ის ჩაანაცვლეს სხვა მოსამართლით.“ - ამბობს წიქარიშვილი.