რომ გამეგო, რომელიმე მოსამართლე თავის ჩამოხრჩობას აპირებდა, დედას გეფიცებით ვეტყოდი, ეს არ გააკეთო-თქო - მურუსიძე
სასამართლო კლანის შეფი ირიბად ადასტურებს, რომ მოსამართლე, სისტემამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მას შემდეგ, რაც იურისტთა ჯგუფმა, სკანდალური ამბავი გათქვა, სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე ვარაუდობს, რომ წნეხის მსხვერპლი შესაძლოა, ბესო ალავიძე გამხდარიყო.
ალავიძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, რომელიც მეორე ინსტანციის სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავდა. საეჭვოდ ემთხვევა ერთი გარემოებაც, თავის დროზე, ალავიძე რუსთავი2-ის საქმეს ჩამოაშორეს.
„რა ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ახლა, რას მეუბნებით, ისეთ აბსურდულ რაღაცას მეუბნებით, პირველად გავიგე გულწრფელად გეუბნებით. მე, რომ გამეგო, რომ რომელიმე მოსამართლე აპირებდა... აბსურდია, არ მჯერა დაუჯერებელია, მაგრამ რომ გამეგო, რომ რომელიმე მოსამართლე აპირებდა თავის ჩამოხრჩობას, დედას გეფიცებით ვეტყოდი, რომ ეს არ გააკეთო-თქო. ბესარიონ ალავიძეზე არის საუბარი. თუ ბესო ალავიძე იმას იტყვის, რომ მე ვუთხარი ბესო ალავიძეს შენ ბესო რუსთავი 2-ის საქმეში არ მიიღო მონაწილეობა, წადი საავადმყოფოში ოპერაცია გაიკეთეო, კარგით რა კარგით“ - ამბობს ლევან მურუსიძე.
სასამართლო კლანმა ერთ-ერთ მოსამართლე თვითმკვლელობამდე მიიყვანა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თავის მოკვლაზე ვფიქრობდი - ეს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის სიტყვებია.
ამბავი, რომელიც აქამდე მხოლოდ სასამართლო სისტემის შიგნით იცოდნენ, საჯაროდ დღეს იურისტების ჯგუფმა მოყვა.
"პირველებს" ამ ისტორიის ნამდვილობას, ორი მაღალი სანდოობის იურისტი - კახა კოჟორიძე და კახა წიქარიშვილი უდასტურებენ.