თავისუფლება ცრუ ჩვენებების სანაცვლოდ - საგამოძიებო უწყება ახალ სკანდალში ეხვევა

13.05.21 17:21
თავისუფლება ცრუ ჩვენებების სანაცვლოდ - საგამოძიებო უწყება ახალ სკანდალში ეხვევა

 პროკურატურა ახალ სკანდალში ეხვევა - გეგუთის ციხეში პატიმრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რომელიც საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვებს, პროკურატურის ოქროს მოწმეა.  გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის ოჯახი უკვე წლებია ამტკიცებს, რომ საგამოძიებო უწყება შოთა შანიძეს სხვადასხვა გახმაურებელ საქმეებში მოწმედ და საქმეების შესაკერად იყენებს. 

გენერალური პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს. 

მე სახელმწიფო ბრალდებას არ ვუჭერ მხარს არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც შოთა შანიძე არის ბრალდებული. საპროცესო შეთანხმების თაობაზე ვერც დავადასტურებს და ვერც უარვყოფ, - ამბობს გულუაშვილი.

ამ კონკრეტულ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს თავად შოთა შანიძის ადვოკატიც. უფლებადაცველი ამ ფაქტს ოჯახის ინტერესებით ხსნის. 

კომენტარს ვერ გავაკეთებ ისევ და ისევ ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს, - ამბობს ადვოკატი.

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცაავას და ყვება, რომ მისი ძმის ბრალეულობის დასამტკიცებლად პროკურატურამ ძალიან ბევრი ცრუ მოწმე გამოიყენა და მათ შორის იყო შოთა შანიძეც.

შოთა შანიძეები ჩვენს საქმეში იყვნენ ძალიან ბევრი. ანუ ესენი არიან ოქროს მოწმეები, ცრუ მოწმეები, რომელთა მეშვეობითაც იკერება ასეთი ცრუ საქმეები.  თვითონვე ლაპარაკობენ ამას სასამართლოზე, რომ შემხებლობაში არ არიან, მაგრამ რაღაცა ძველი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი და ამათ იყენებენ ჩვეულებრივად და მოდიან და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ამას, რაც მთავარია, იზიარებს სასამართლო, - ამბობს ცაავას და. 

ბათუმელი სპორტსმენის, გიგა ფარტენაძის, მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შოთა შანიძეს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ის საპატიმროს ვადაზე ადრე, საპროცესო გარიგებით, დატოვებს.