ბრძოლა 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის - ოპოზიცია მოლაპარაკებებს იწყებს

14.05.21 11:27
ბრძოლა 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის - ოპოზიცია მოლაპარაკებებს იწყებს

ბრძოლის სტრატეგია 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის - ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებებს იწყებენ. ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს, თვითმმართველობის არჩევნებზე ერთად მონაწილეობს, თუ ცალ-ცალკე. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ხელისუფლების ოპონენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ.  მათი ნაწილი ფიქრობს, რომ გამოსავალი ერთიანობაშია, მეორე ნაწილისთვის კი არჩევნებში  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად  მონაწილეობა კატეგორიულად მიუღებელია. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა, ამბობს, რომ არჩევნებში გასამარჯვებლად მნიშვნელოვანია, ოპოზიცია კოორდინირებულად მოქმედებდეს. 

ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია კოორდინაცია ოპოზიციის შიგნით იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს გახდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი, რომელიც გახდება თავისთავად რეჟიმის ცვლილების საფუძველი. რა ფორმა ექნება კონკრეტულად ამ კოორდინაციას, რა კონტურები ექნება ამ კოორდინაციას, ეს, რა თქმა უნდა, შესათანხმებელია, - ამბობს  ბოკუჩავა.

დამოუკიდებელი თამაშის გაგრძელებას აპირებენ, როგორც ჩანს, შედარებით პატარა ოპოზიციური პარტიები. ისინი ფიქრობენ, რომ ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობისთვის ერთიანი კანდიდატების დაყენება აუცილებელი პირობა არ არის. მათი თქმით, კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით პარტიებს შიგნით კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ძალიან მალე ისინი საკუთარ კანდიდატებს დაასახელებენ. 

მე და ჩემს თანაგუნდელებს მიგვაჩნია, რომ ორპოლუსიანობა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს უნდა მიეცეს არჩევანის საშუალება, მითუმეტეს, რომ 43% არმიცემა „ქართული ოცნებისთვის“ დაითვლება პროპორციული ხმების რაოდენობით და არა ვთქვათ, მერობის კანდიდატობის რაოდენობით. პარტიაში გავხსენით კონსულტაციები, რა თქმა უნდა, დაველაპარაკებით სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც და ალბათ უახლოეს ორ-სამ კვირაში ჩვენ ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. 
 

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი, მიიჩნევს, რომ დედაქალქის მერობის საუკეთესო კანდიდატი ალეკო ელისაშვილია. 

თუ ვინმე მერობის კანდიდატია, ეს იქნება ალეკო ელისაშვილი, იმიტომ, რომ თბილისში აქ განსხვავებით სხვა კანდიადტებისგან, ძალიან განსხვავებული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა განვლილი იმ პოლიტიკური საქმიანობით, ჟურნალისტური საქმიანობით, არასამთავრობო სექტორში საქმიანობით, რაც მთელი ამ დროის მანძილზე თბილისისთვის მან აკეთა, -ამბობს ლევან იოსელიანი.

მრავალფეროვანი არჩევანის მნიშვნელობაზე საუბრობს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე. 

გამარჯვების ფორმულა არის არა ის ფორმულა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ უნდა გაერთიანდეს ყველა პარტია, არამედ გამარჯვების ფორმულაა, მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთება, რომ არსებობს 600 ათასზე მეტი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელსაც არ მოსწონს არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ , -ამბობს მანჯგალაძე.
 

მსგავსი სიახლეები