"ბოიკოტს აზრი აღარ აქვს" - ცისკარიშვილი თანაპარტიელებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პეტრე ცისკარიშვილის, აზრით, ,,ენმ" პარლამენტში უნდა შევიდეს და ბოიკოტს აზრი აღარ აქვს.
ჩემი პირადი აზრია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენმა ფრაქციამ, რომელიც ყველაზე დიდი ფრაქცია იქნება, მე-10 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ახლა ის მოცემულობაა, როდესაც ბოიკოტს აზრი აღარ აქვს. ერთპარტიული პარლამენტი აღარ არსებობს, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მწარე აბი იყო გადასაყლაპად, მაგრამ გავიდა თვეები, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს. უკეთესი იქნებოდა, უფრო მეტ დათმობაზე წამოგვეყვანა "ქართული ოცნება" და ეს ბოიკოტი რამდენიმე თვე, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებამდე გაგრძელებულიყო, მაგრამ რადგანაც ეს ვერ მოხერხდა, არ მგონია, რომ "ქართული ოცნება" იქ მარტო უნდა დავტოვოთ და მათი სურვილი შევასრულოთ, როდესაც პარლამენტში ისინი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე არიან" - ამბობს ცისკარიშვილი.
პარტიაში ამ დრომდე განიხილავენ, შევა თუ არა ,,ენმ" პარლამენტში. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში აზრი ორად იყოფა. პარტიის წევრები ამბობენ, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად პარტიულ გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან.