ტერორი ბერას სახელით - საპროტესტო მარში თბილისის ქუჩებში

08.03.21 15:24
ტერორი ბერას სახელით - საპროტესტო მარში თბილისის ქუჩებში

საპროტესტო მარში თბილისის ქუჩებში  - ავტოკოლონები დღეს დედაქალაქის ყველა უბანს შემოივლიან.  ქუჩაში გამოსულები ბერა ივანიშვილის სახელით ტერორს აპროტესტებენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ასობით ავტომობილი თბილისის ორი წერტილიდან დაიძრა. ერთ-ერთმა ავტოკოლონამ მსვლელობა სიმბოლურად ნიკა მელიას საარჩევნო შტაბიდან დაიწყო.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნები რიგგარეშე არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაზე ძალაში რჩება, თუმცა მიზეზი დღევანდელი აქციის არის ის ფარული ჩანაწერები, რაც გავრცელდა რამდენიმე დღის წინ იმ სადამსჯელო რაზმებზე, რომელიც სამწუხაროდ დღეს საქართველოში მოქმედებენ ბიძინა ივანიშვილის, ბერა ივანიშვილის, ღარიბაშვილის, გომელაურის და ამ ძალოვანი მინისტრების მეშვეობით, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეების პირველი გაჩერება სამგორის გამგეობა იქნება, სადაც ისინი  წარწერების გაკეთებას და სტიკერების გაკვრას შეეცდებიან. პროტესტის მონაწილეები  ირაკლი ღარიბაშვილის და სახელმწიფო უსაგრთხოების სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის   გადადგომას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა ასევე, რომ ძალოვანმა უწყებამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ სიუჟეტთან  დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

პირველ რიგში,  უნდა გადადგეს პრემიერი და  დაიწყოს გამოძიება. სიმართლე გითხრათ, ამის იმედი ამ ხელისუფლების პირობებში არ გვაქვს, ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტია, წავიდეს ეს ხელისუფლება. აუცილებლად გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს, - ამბობს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 ავტოკოლონები ისანი-სამგორის გამგეობებს მოივლიან, ბოლო გაჩერება კი მთავრობის ადმინისტრაცია იქნება, სადაც აქციის მონაწილეებს ერთგვარი პერფორმანსი აქვთ დაგეგმილი.