საქართველოში ტერორისტების მომზადება არ მიმდინარეობს - სუს-ი თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

06.05.23 12:47
საქართველოში ტერორისტების მომზადება არ მიმდინარეობს - სუს-ი თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძე ამბობს, რომ საქართველოში ტერორისტებისა და მებრძოლების მომზადება არ მიმდინარეობს.

"უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, საქართველოში არანაირი სახის ტერორისტული ინფრასტრუქტურა  არ არსებობს, აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს ტერორისტებისა და მებრძოლების მომზადება. სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული ხასიათის საგანგაშო  ინფორმაცია, რომელიც ოპერატიულად გავუზიარეთ პარტნიორებს. ინფორმაცია მივაწოდეთ თურქულ მხარესაც".- განაცხადა მგელაძემ

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში დაკავებული 74 პირი კავშირში იყვნენ ისლამურ სახელმწიფოსთან და თურქეთში გადამზადების ბაზების შექმნას ცდილობდნენ.

მედია წერს, რომ ამ ადამიანებს მოკავშირეები ჰყავდათ საქართველოში, რომლებიც სამხედრო მომზადებას გადიოდნენ ჩვენს ქვეყანაში და ჯგუფი ასევე აფინანსებდა საქართველოში მყოფ თანამზარხველებს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოავლინეს "ისლამური სახელმწიფოს" აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები