“ლელო ძლიერი საქართველო“ მოუწოდებს “ოცნებას“, დროებით მაინც დააბრუნონ საწვავის აქციზის გადასახადი 2017 წლის ნიშნულზე

08.10.26 16:03
“ლელო ძლიერი საქართველო“ მოუწოდებს “ოცნებას“, დროებით მაინც დააბრუნონ საწვავის აქციზის გადასახადი 2017 წლის ნიშნულზე

 

 

 

“ლელო ძლიერი საართველო“ მოუწოდებს “ოცნებას“, დროებით მაინც დააბრუნნონ აქციზის გადასახადი საწვავზე 2017 წლის ნიშნულს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ცხოვრება.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას თქმით, დიზელის ფასის მატება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელის საწვავი გამოიყენება.

ყოველდღიურად მძიმდება საქართველოს მოქალაქეების ყოფა, - ამბობს სამუშია. 

დღეს უკვე ვხედავთ, რომ საწვავის ფასმა, კერძოდ, დიზელის ფასმა გადალახა 5-ლარიანი ნიშნული და დღეს არის 5.07 თეთრი, რაც მძიმეა ჩვენი მოქალაქეებისთვის. დიზელის ფასის მატება განსაკუთრებით მძიმეა სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან იცით, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში ძირითადად დიზელის საწვავი გამოიყენება. მოსავლის აღების პერიოდია, შემდეგ დაიწყება ხვნა-თესვის სამუშაოები და ამ გაუსაძლის მდგომარეობაზე ფასების კომისიის შემქმნელებს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არ აქვს არანაირი პასუხი. შესაბამისად, ამ ყველაფერს მოჰყვება ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, გლეხები, ფერმერები სოფლებს დატოვებენ, ვინაიდან ვერ ამუშავებენ მიწებს და წავლენ საზღვარგარეთ, ემიგრაციაში, იცლება ჩვენი ქვეყანა.

ფასების კომისიის შემქმნელებს, "ქართულ ოცნებას" მინდა მოვუწოდო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, მიიღო იტალიის, გერმანის, პოლონეთის, სამხრეთ კორეის და სხვა ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ მოქალაქეებზე. "ქართულმა ოცნებამ" 2017 წელს გააორმაგა აქციზის გადასახადი საწვავზე, რაც, ბუნებრივია, იწვევს ფასების მატებას.

"ძლიერი საქართველო - ლელო" მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", შეამსუბუქეთ საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება, როგორც მინიმუმ, დროებით მაინც დააბრუნეთ აქციზის გადასახადი საწვავზე 2017 წლის ნიშნულს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ცხოვრება.

დღეს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თურმე აქციზის გადასახადის კლება არაფერ შუაშია და არ გამოიწვევს ფასების კლებას საწვავზე. ეს წარმოუდგენელი რამ არის! მაშინ რატომ მიმართავენ მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნები? თქვენგან განსხვავებით, ამ ქვეყნების მთავრობები ზრუნავენ თავიანთ მოქალაქეებზე, თქვენთვის კი მთავარია, რომ გაორმაგებული, რეკორდულად დიდი რაოდენობის ჯარიმები ამოუღოთ საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან. აგვისტოს თვეში 404 მილიონი ამოიღეთ ჯარიმის სახით. ამასთან დაკავშირებით კითხვა არ გაქვთ. თქვენთვის სულერთია საწვავის ფასის მატება, რადგან ავტომობილები გემსახურებათ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, რომელთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადეთ, ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობთ ახალ ავტომობილებს, ასხამთ საწვავს და მძღოლი გემსახურებათ.

დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების ყოფა-ცხოვრება არის გაუსაძლისი!, - აცხადებს სამუშია.