კომუნალურები დოლარის კურსის შესაბამისად უნდა შემცირდეს! - ენმ დავით ნარმანიას პარლამენტში დაბარებას აანონსებს

08.05.23 14:21
კომუნალურები დოლარის კურსის შესაბამისად უნდა შემცირდეს! - ენმ დავით ნარმანიას პარლამენტში დაბარებას აანონსებს

 "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ტარიფების შემცირებას ითხოვს - მისი თქმით,  დოლარის კურსის შესაბამისად ცვლილება უნდა აისახოს როგორც დენის, ასევე წყლის და გაზის გადასახადზე.

"წარმოუდგენელია, რომ დოლარის კურსის ზრდა იწვევდეს ფასების ზრდას, ხოლო შემცირება არ იწვევდეს არაფერს"- თქვა საგანგებო ბრიფინგზე ხაბეიშვილმა. 

ხაბეიშვილი დავით ნარმანიას პარლამენტში დაიბარებას აანონსებს. 

„ოცნება" და ივანიშვილი საზოგადოებას 2011 წელს დაპირდა, რომ 11 თეთრი რომ ღირდა ელექტროენერგია, განახევრდებოდა და 5-6 თეთრი გახდებოდა. ამასობაში 2023 წელია და 7 თეთრით არის გაძვირებული ყველაზე იაფი დენი - 11 თეთრიანი ელექტროენერგია დღეს 18 ღირს, ყველაზე ძვირი რაც ღირდა, 300 კილოვატი, 18 თეთრიდან გაიზარდა 26 თეთრამდე. 2020 წელს დამატებით კიდევ 11 თეთრით გაიზარდა არასაყოფაცხოვრებო ელექტროენერგია, მაგალითად პურის საცხობებისთვის და ა.შ. 2020 წელს სემეკმა გამოგვიცხადა, რომ დოლარის კურსი როგორც კი გადაცდება 2.5- ს, მოგვიწევს ელექტროენერგიის გაძვირებაო და გააძვირეს დამატებით 3.5 თეთრით. 2020-2021 წელს დოლარის კურსი იყო 3.1-3.2. ამასობაში უკანასკნელი თვეებია, საზოგადოებამ იცის, რომ დოლარის კურსი სტაბილურად არის 2.49 თეთრი. ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს სასწრაფოდ ელექტროენერგიის ტარიფის დაწევას და მინიმუმ 2019 წლის მდგომარეობასთან გათანაბრებას, ამ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს წყლის და გაზის გადასახადიც.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია შეიკრიბოს სემეკი და იგივე გადაწყვეტილება მიიღოს, რაც 2020 წელს თქვა, რომ დოლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ვზრდით ტარიფს, ახლა კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით შეუძლიათ შეამცირონ ტარიფი. თუ ამას არ გააკეთებენ, "ნაციონალური მოძრაობა" გამოუყენებს საპარლამენტო ბერკეტს და დავით ნარმანიას, სემეკის კორუმპირებულ, ქურდ, მძარცველ კაცს, რომლის ხელფასიც 15 ათასი ლარია თვეში, დავიბარებთ პარლამენტში, რომ საზოგადოებას გასცეს პასუხი"- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, პარტია უახლოეს დღეებში მოამზადებს ანცხადებას და ოფიციალურად მიმართავს სემეკს ტარიფის გადახედვით აუცილებლობასთან დაკავშირებით.