გოცირიძესა და დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრეს
რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა.
ოპოზიციონერები პირდაპირ ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის არსებობის შეეშინდა.
"როგორც საპროცედურო კომიტეტმა სრულიად კანონის საწინააღმდეგოდ განმარტა, მე და ბატონ რომანს ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს, რაც იმას გულისხმობს, რომ რა თქმა უნდა, მათ შეეშინდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს პარლამენტში და გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ჯგუფი ითვალისწინებს დამატებით ბერკეტებს და დამატებითი დროის გამოყენებას ოპოზიციის მიერ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ და შემდეგ პარტია დატოვეს.