დისკრედიტაციული სიუჟეტის შემდეგ პოლიცია ბანაკიდან წამოსულ სამ ახალგაზრდას აედევნა და გაჩხრიკა - ხოშტარია

08.05.23 16:17
დისკრედიტაციული სიუჟეტის შემდეგ პოლიცია ბანაკიდან წამოსულ სამ ახალგაზრდას აედევნა და გაჩხრიკა - ხოშტარია

პროსახელისუფლებო ტეელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ ბანაკიდან წამოსულ სამ არასრულწლოვანს პოლიცია აედევნა - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

საუბარია სიუჟეტზე, რომელშიც მედია ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთ ბანაკში, სადაც  ზურა ჯაფარიძე მიწვეული სტუმარი იყო, ახალგაზრდებს შეიარაღებული გადატრიალებისთვის ამზადებენ.

"გირჩი-მეტი თავისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს უნამუსო, ტყუილებით გავსებული კამპანია. ეს ემსახურება, პირველ რიგში, ზურასი, როგორც ძლიერი, მნიშვნელოვანი და მართალი პოლიტიკოსის დისკრედიტაციას, მეორე, ემსახურება ჩვენი ახალგაზრდა თაობის დაშინებასა და დისკრედიტაციას და მესამე, ემსახურება იმ საგანმანათლებლო ბანაკის დისკრედიტაციასა და ჩაშლას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

სწორედ ამიტომ რუსული ტელეკომპანია იმედი აკეთებს დაკვეთილ და ამორალურ გადაცემებს იმ ბანაკების წინააღმდეგ, სადაც სინამდვილეში განათლებას იღებენ ახალგაზრდები.

სწორედ ამ ბანაკების დისკრედიტაციას მოჰყვა სამი ფაქტი, ერთი ფაქტის მონაწილეა ოთო ხარაშვილი, ხოლო ორი ადამიანი ბათუმშია, ბანაკებიდან წამოსვლის შემდეგ მათ მანქანით აედევნა პოლიცია, სუს-ი, ამ რუსული ხელისუფლების მორჩილები აედევნენ, მათ ღირსების შემლახველად ესაუბრნენ, არასრულწლოვანი ადამიანი გაჩხრიკეს მხოლოდ იმიტომ რომ ისინი მოდიოდნენ ამ ბანაკებიდან", - თქვა ელენე ხოშტარია.