გამოდის, "ნაცმოძრაობამ" უნდა შეადგინოს ცესკოს შემადგენლობა?! - გია ვოლსკი
პრეზიდენტმა მაღალი დონის პროფესიონალი მხოლოდ იმიტომ არ წარმოადგინა კანდიდატად, რომ მას ადამიანების გარკვეული ჯგუფი მხარს არ უჭერს - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, "ეს ხომ ჩიხია".
"გამოდის "ნაცმოძრაობამ" უნდა შეადგინოს ცესკოს შემადგენლობა და მისი თავმჯდომარე დანიშნოს" - თქვა ვოლსკიმ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებსზე საუბრისას.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს ცესკოს საქმიანობის შეჩერების მცდელობას.
ოპოზიციის სიტყვას ყავლი გაუვიდა, ფუყე გახდა, ზედაპირზე უნდათ რაღაც წამოწიონ, მაგრამ არანაირი საშუალება არ აქვთ, რამით თავი მოაწონონ საზოგადოებას, თუკი იმ სექტაში არ არიან გაერთიანებული, რომელსაც თავად წარმოადგენენ. ეს რევოლუციური კომიტეტია, არ დაგავიწყდეთ. მცდელობას ვხედავთ, რომ ცესკოს საქმიანობა შეჩერდეს, ჩაიშალოს, ადამიანებს არ ჰქონდეთ მყარი განცდა, რომ იქ არიან იმ პოზიციაზე, საიდანაც სახელმწიფოს ემსახურებიან და არა რომელიმე პოლიტიკურ რგოლს.
ფაქტი ერთია, დღემდე პრეზიდენტის მონაწილეობა გამოიხატება მხოლოდ ერთ რამეში - მაღალი დონის პროფესიონალი არ წარმოადგინა კანდიდატად მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს ავტორიტეტული სტრუქტურები აქებენ, მხოლოდ იმიტომ არ წარმოადგინა, რომ მას ადამიანების გარკვეული ჯგუფი მხარს არ უჭერს, ვინაიდან, თურმე "ქართული ოცნება" უჭერს მხარს. ეს ხომ ჩიხია?! რა გამოდის - რომ ნაცმოძრაობამ უნდა შეადგინოს ცესკოს შემადგენლობა და მისი თავმჯდომარე უნდა დანიშნოს, მიუხედავად იმისა, მოწონს თუ არ მოწონს ეს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ვოლსკიმ.