9 მაისის მილოცვა საბჭოთა სიმბოლიკით - საქართველოს პარლამენტი სკანდალში ეხვევა

09.05.23 13:28
9 მაისის მილოცვა საბჭოთა სიმბოლიკით - საქართველოს პარლამენტი სკანდალში ეხვევა

9 მაისის აღნიშვნა საბჭოთა სიმბოლიკით - საქართველოს პარლამენტმა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მილოცვას თან დაურთო ფოტო, სადაც საქართველოში ამავე პარლამენტის მიერ კანონით აკრძალული სიმბოლიკაა გამოსახული.

შალვა პაპუაშვილის სახელით გავრცელებულ ამ განცხადებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. პარლამენტის გვერდზევე კრიტიკის შემცველი უამრავი კომენტარია. მომხდარს გმობს ოპოზიცია და ამბობს, რომ სირცხვილია, როდესაც პარლამენტი, აქვეყნებს ფოტოს საბჭოთა სიმბოლიკით.

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ეს შესაძლებელია ერთგვარი გზავნილი იყოს რუსეთისთვის და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

"საქართველოს პარლამენტი, მისი ხელმძღვანელობა არღვევს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც არის სწორედ საბჭოთა სიმბოლიკის ამსახველი. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ გზავნილი რუსეთისთვის. რაც შეეხება, ამ ფოტოს გამოქვეყნებას ეს არის კანონის დარღვევა და შესაბამისად სწორი იქნება, რომ ამას ჰქონდეს სამართლებრივი რეაგირება" - ამბობს "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი.