"ოცნების" პოლიტსაბჭოს კახა კალაძე არ დაესწრო
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომას თბილისის მერი კახა კალაძე არ ესწრებოდა. მედია დაინტერესდა, რატომ არ მივიდა როსტომ მეფის სასახლეში პარტიის გენერალური მდივანი, რაზეც მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "ამ თემაზე კონსპირაცია არაფრით არ გამოვა".
სხვათაშორის საარჩევნო თემებზე მასთან ერთად ვიმუშავეთ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში. ის არა მხოლოდ თბილისის მერია, არამედ პარტიის გენერალური მდივანი და ამ ეგიდით დღეს ორი სხვადასხვა შეხვედრა ჩატარდა. ასევე, ის ემზადება, ხვალ თუ ზეგ პრეზენტაცია აქვს, თბილისის მერს კონკრეტული ღონისძიებები აქვს დაგეგმილი და ამიტომ, დღეს საღამოს მან ვერ მოახერხა მოსვლა. აქედან ვერ შევქმნით რაიმე ისეთს, რაც თქვენ გაინტერესებთ ხოლმე...
რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა კალაძე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ სანამ დრო არ მოვა, კანდიდატს არ დაასახელებენ:
მერობის რომელ კანდიდატზეც არ უნდა დამისვათ კითხვა, მე ამ თემაზე პასუხს ერთადერთი მიზეზის გამო ვერ გაგცემთ, იმიტომ, რომ როგორც წესი, 2-3 თვით ადრე ხდება ხოლმე მერის კანდიდატის დასახელება და არ გვინდა, გამონაკლისი იყოს რომელიმე კანდიდატი", თქვა მდინარაძემ და იქვე დასძინა, რომ კალაძე "ქართული ოცნების" გუნდის "ერთერთი გამორჩეული, ღირსეული ლიდერია".