გოროზია მოვიდა, მითხრა, მელიას მხარდამჭერი ხარ და თავმჯდომარე ვერ გახდებიო - ენმ-ის ხობის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე
დიდი დაპირისპირება ენმ-ში - ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელმაც რეგიონების სხვა თავმდჯომარეებთან ერთად პარტიის შიდა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, "პირველებთან" მიზეზებზე საუბრობს. ია ჯიშკარიანი ღია ბრალდებებს ზაზა გოროზიას უყენებს და ამბობს, რომ რამენიმე დღის წინ, გოროზია მასთან მივიდა და პირდაპირ უთხრა, რომ რადგან ნიკა მელიას მხარდამჭერია, არჩევნებში ვერ გახდებოდა:
ვღელავ იმაზე, რომ პარტიაში უდიდესი სიყალბე არადემოკრატიული პროცესებია, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დღეს ტყვეობაშია და გვიკლავს ხელისუფლება, ნამდვილად არ ვაპირებ ამ სიყალბეში მონაწილეობის მიღებას, იმიტომ, რომ არ არის ეს ჩვენი გაერთიანებისკენ მიმართული, ეს არის პირდაპირ დაშლა პარტიის. მე დღეს მიუღებელი ვარ იმის გამო, რომ ვიყავი ნიკა მელიას მხარდამჭერი და ვარ კობა ნაყოფიას მეგობარი და რატომ არის ეს ყველაფერი მიუღებელი ახალი მენეჯმენტისთვის ჩემთვის გაუგებარია.
რამდენიმე დღის წინ, შევხვდით ჩვენ სამეგრელოს წარმომადგენელს, ბატონ ზაზა გოროზიას და პირდაპირ მითხრა, რომ მე, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი მიმიძღვის, 2017 წელს მოვედი, მითუმეტეს, როცა პარტია ორად გაიყო, ნულიდან მოგვიწია აგურ-აგურ ვაშენეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ეს პარტია, ძალიან დიდი შრომა მიდევს ფიზიკური და მორალური... მითხრა, რომ აუცილებელი ხარ ამ პარტიაში მაგრამ, გამორიცხულია, თავმჯდომარე ვერ გახდებიო. მე იმას ვხედავ, რომ პარტია ნელ-ნელა იშლება და რა არადემოკრატიული პროცესები მიდის ეს ყველასთვის ცხადია", - ამბობს ჯიშკარიანი.
დიდი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - შიდა პარტიულ არჩვნებს ლიდერების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერების არჩევნებში რეგისტრაცია დღეს სრულდება, თუმცა რამდენიმე საათით ადრე, რეგიონების ნაწილმა ბოიკოტი ერთი მეორეს მიყოლებით გამოაცხადა.
საუბარია წალენჯიხის, ჭიათურის, ხობის, ცაგერის, ახალციხის, ამბროლაურის რეგიონების თავმჯდომარეებზე. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და თანამდებობებს ტოვებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა შიდა არჩევნების დრო არ იყო, რადგან პარტიის მთელი რესურსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული.