100 მილიონი ლარი შტატგერეშე თანამშრომლებისთვის - ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნებამ" ხმების მობილიზება დაიწყო
100 მილიონ ლარზე მეტი შტატგარეშე თანამშრომლებისთვის - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ ადამიანებს "ქართული ოცნება" არჩევნებში გამოიყენებს.
"ვიცით მაგალითები, როდესაც წინასაარჩევნოდ ხდება შტატების ძალიან გააქტიურება და გაბერვა პირდაპირ, რომ ვთქვათ იმიტომ, რომ მაგალითად აიპ-ებში და სიპ-ეში არის ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც უბრალოდ მიბმულია უშუალოდ მმართველ პარტიასთან და მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს საარჩევნოდ. ეს არის ჩაკეტილი ციკლი" - თქვა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართული ოცნება იმ ადმინისტრაციულ ბიუჯეტს ძარცვავს, რომელიც ხალხს უნდა მოხმარდეს. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სწორედ შტატგერეშე ხალხის დიდი წილი "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების ნათესავებიდან და ნაცნობებიდან მოდის.
"ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებაში შტატგარეშეები უფრო მეტი არიან ვიდრე შტატიანი თანამშრომლები. იძარცვება ბიუჯეტი, პირდაპირ წურბელებივით აზის ქართული ოცნების მმართველობა იმ ფულს, რომელიც უნდა მოხმარებოდა ადამიანს. ყოველწლიურად იზრდება ბიუროკრატიული ხარჯები. ყოველწლიურად უამრავ ათასობით ადამიანს აფორმებენ და ძირითადად ესენი არიან ქართული ოცნების ჩინოვნიკების ნათესავები და მეგობრები და მათი პოლიტიკური აქტივი" - რომან გოცირიძე.