ფორმალობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ - მირდატ ქამადაძე ენმ-ს შიდა არჩევნებზე
ენმ-ში შდა პარტიულ არჩევნებს არამიზანშეწონილად მიიჩნევს პარტიის წევრი მირდატ ქამადაძეც. მისი თქმით, ახალ მენეჯმენტს ყურადღება სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე უნდა გაემახვილებინა.
ქამადაძე ამბობს, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად არიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც მესამე პრეზიდენტის საკითხი გადაწყდება.
ჩვენი ამომრჩეველი მათი მხრიდან სულ სხვა სახის აქტივობას ითხოვს: მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, უწყვეტ საპროტესტო აქციებს, ახალ ოფისებს და ა.შ., მაგრამ იმდენად არათანმიმდევრულები არიან, იმდენი შეცდომა იქნა დაშვებული ამ ხნის განმავლობაში, რომ გასაგებია, რომ ისინი პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შექმნიან, სამწუხაროდ. შესაბამისად, რაღაც ფორმალობაში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ ჩვენ გასაგებად შევთავაზეთ ჩვენს მეგობრებს, რომ ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობისთის მზად ვართ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყდება, - ამბობს ქამადაძე.
დიდი დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - შიდა პარტიულ არჩვნებს ლიდერების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერების არჩევნებში რეგისტრაცია დღეს სრულდება, თუმცა რამდენიმე საათით ადრე რეგიონების ნაწილმა ბოიკოტი ერთი მეორეს მიყოლებით გამოაცხადა.
საუბარია წალენჯიხის, ჭიათურის, ხობის, ცაგერის, ახალციხის, ამბროლაურის რეგიონების თავმჯდომარეებზე. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და თანამდებობებს ტოვებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა შიდა არჩევნების დრო არ იყო, რადგან პარტიის მთელი რესურსი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული.