პრეზიდენტი მისთვის უფლებების შეზღუდვაზეც კი არ რეაგირებს - ლევან ხაბეიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე - პოლიტიკურ პატიმრებსა და ცესკოს მიტაცებაზე არ რეაგირებს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაზე თვალს ხუჭავს:
"ისევ საბოტაჟის გზით ცდილობენ, რომ თავად დააკომპლექტონ ცესკო და პირდაპირი მნიშვნელობით ჯიბეში ჩაიდონ. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა.
მას (სალომე ზურაბიშვილს) შეუძლია, რეაგირება გააკეთოს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, მას შეუძლია, რეაგირება გააკეთოს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. ის, რომ პრეზიდენტი არ რეაგირებს, ეს არ არის ნორმალური, რომ რეაგირებს ხოლმე ძირითადად ის გვიკვირს საზოგადოებას. ვწუხვარ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანზე არ რეაგირებს. ეს არის პოლიტიკური პატიმრები, ეს არის ახლა არჩევნებთან დაკავშირებით, როცა ფაქტობრივად კიდევ ერთი უფლება ჩამოართვეს" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი საჯარო სივრცეში გამოჩნდა, თუმცა ოცნების გადაწყვეტილებას მისთვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ ისევ არ გამოხმაურებია. პრეზიდენტი არაფერს ამბობს, არც იმაზე დაადებს თუ არა ვეტოს კანონპროექტს რომლითაც ოპოზიციისა და მესამე სექტორის შეფასებით, ხელისუფლება საარჩევნო ადმინისტრაციაზე სრული კონტროლის დამყარებას აპირებს.