"წარმოგიდგენიათ, ფარცხალაძე რას უზამს?- ხაბეიშვილი ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებაზე
"ადამიანი ლაპარაკობს, რომ ზაზა გოროზიას ეშვები აქვს და მაშინებს, წარმოგიდგენიათ, ფარცხალაძე რას უზამს?!"- ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებას.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ტყუილია განცხადებები, თითქოს მას პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონდა.
19 აპრილს რომ ბრიფინგი ჩავატარე, ვთქვი, რომ 30 აპრილამდე ნებისმიერ წინადადებას მივიღებდი, თუმცა ასეთი წინადადება არ არსებობს. თუ რაიმე წინადადება არსებობდა ან მაგალითად, არჩევნები არ უნდოდათ, ხომ შეიძლებოდა, წერილობით შემოეტანათ.
ტყუილია განცხადება, ჩვენთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონდაო. სანამ არჩევნებს ჩავატარებდით, ყველა თავმჯდომარეს შევხდი, მათ შორის ხობის თავმჯდომარე წყალტუბოში იყო წარმოდგენილი. პირდაპირ გეტყვით, რომ როცა არჩევნებზე ვსაუბრობდი, მას არავითარი პრეტენზია არ დაუსახელებია, რომ არჩევნები არ უნდოდა.
ჩემი, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება მათ შორის თავმჯდომარეების არჩევას, ადგილზე ექნება ჩვენს ამომრჩეველს. ამაზე უფრო დემოკრატიული არ მოუგონია არავის არაფერი"- აცხადებს ხაბეიშვილი.
ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელმაც რეგიონების სხვა თავმდჯომარეებთან ერთად პარტიის შიდა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, "პირველებთან" მიზეზებზე საუბრობს. ია ჯიშკარიანი ღია ბრალდებებს ზაზა გოროზიას უყენებს და ამბობს, რომ რამენიმე დღის წინ, გოროზია მასთან მივიდა და პირდაპირ უთხრა, რომ რადგან ნიკა მელიას მხარდამჭერია, არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა.