საგარეო კურსის ცვლილების გამო რუსეთმა "ოცნება" დააჯილდოვა - ვაშაძე

10.05.23 16:34
საგარეო კურსის ცვლილების გამო რუსეთმა "ოცნება" დააჯილდოვა - ვაშაძე

რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პუტინმა "ქართული ოცნება" საგარეო კურსის ცვლილების გამო დააჯილდოვა. 

ვაშაძე ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ "ქართული ოცნება" შეკრული არის მტერთან და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ახლა არჩევანია გასაკეთებელი, გვსურს, რომ ევროკავშირის სრული უფლებით ვისარგებლოთ თუ გვინდა ვიყოთ რუსულ ჭაობში, სადაც მუდმივად შეგვეშინდება პროვოკაციული ქმედებების ოკუპანტის მხრიდან.

"ქართულმა ოცნებამ" პროდასავლური კურსი შეცვალა პრორუსული კურსით და რაღა თქმა უნდა, პუტინისგან მიიღო საჩუქრად უვიზო მიმოსვლა. დიახ, სწორედ საგარეო კურსის ცვლილების გამო დღეს "ქართული ოცნება" საჩუქრდება ამ ნაბიჯით რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, პირველი, რომ "ოცნება" არის პრორუსული პოლიტიკური ძალა და ისინი მოქმედებენ სინერგიაში რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად და მეორე, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ჩემო ძვირფასებო, ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს არჩევანი საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად გავხდეთ ევროკავშირის მოქალაქეები და სრული უფლებით ვისარგებლოთ ევროკავშირში იგივე უფლებებით, როგორც დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნები: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი სარგებლობენ, ან ვიყოთ რუსულ ჭაობში და მუდმივი პროვოკაციული ქმედებების გვეშინოდეს, მტრის და ოკუპანტის მხრიდან.  ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ "ქართული ოცნება" შეკრული არის მტერთან და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა. ის მთელი დანაშაულებრივი სქემა, რომელიც გასულ წელს დაამუშავა და შექმნა "ოცნებამ" რუსეთთან ერთად, მოქმედებაშია მოყვანილი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ ჩვენ არასდროს ძლიერი საქართველოს იდეას ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად არ გავცვლით რუსეთის მონობაში. ამიტომ ეს სავიზო რეჟიმის მოხსნა, სადაც უნდა იქ წაიღოს "ქართულმა ოცნებამაც" და რუსეთის ფედერაციამაც. ეს, რომ სიმართლეა ამას ადასტურებს კალაშნიკოვის დღეს გაკეთებული განცხადება, რომ სწორედ საგარეო კურსში ცვლილების გამო საქართველო ჯილდოვდება, უფრო სწორად ქართული ოცნება ჯილდოვდება პუტინის მხრიდან უვიზო მიმოსვლით" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში.