საქართველოში არცერთი სანქცირებული რუსული ავიაკომპანია არ იოპერირებს, სხვებს ამის საშუალებას მივცემთ - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით შესაბამისი მიმართვა არ მიუღიათ და ნებართვაც არ გაუციათ, ხოლო მას შემდეგ, რაც, მომართვა იქნება, ნებართვასაც გასცემენ.
ქვრივიშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარ პრიორიტეტს ქვეყნის მოსახლეობა და მათი კეთილდღეობა წარმოადგენს.
როგორც ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და პუტინის გადაწყვეტილება "მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და, რა თქმა უნდა, გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან და მათთან კავშირსაც".
რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, აქ ნათლად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა განვმარტოთ ის, რომ ჩვენ არ გვქონია შეზღუდული რუსეთთან სატრანსპორტო მოძრაობა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახმელეთო კუთხით. მოგეხსენებათ, რომ ყოველდღიურად, ფაქტობრივად, ასობით და თვის ჭრილში ათასობით მანაქანა მოძრაობს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უწევდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამე ქვეყნის გავლით და სახმელეთო საზღვრის გამოყენებით სამშობლოში მოგზაურობა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე და საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება იყო. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენები წაადგება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან.
რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს რუსეთის ფედერაციიდან, განვმარტავთ, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით, მათ შორის, როგორიც არის ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი"- თქვა ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოში არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია არ იოპერირებს:
ძალიან მკაფიოდ გვინდა, ვთქვათ, რომ საქართველოში არ იოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული. რაც შეეხევა არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ პირდაპირი მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით"- დასძინა მან.