რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის სანქცირების მიზეზი გახდეს - ხაზარაძე

10.05.23 18:01
რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის სანქცირების მიზეზი გახდეს - ხაზარაძე

რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის სანქცირების მიზეზი გახდეს - ასე ეხმაურება "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პუტინის გადაწყვეტილებას. 

ხაზარაძე ამბობს, რომ ქართველებისთვის 90-დღიანი სავიზო რეჟიმი პროვოკაციული სატყუარაა.

"რუსეთი საქართველოს ოკუპაციის გეგმას "ქართული ოცნების" მეშვეობით მიზანმიმართულად ახორციელებს. რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის დასანქცირების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ არაერთხელ უთქვამთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ქართველებისთვის 90-დღიანი სავიზო რეჟიმი პროვოკაციული სატყუარაა. ასევე, რუსების უკონტროლო და უვადო შემოსვლა წინააღმდეგობაშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. "ლელო" ითხოვდა და ითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სარკისებური პრინციპით. რუსეთის ეს ნაბიჯი გადადგმულია იმ დროს და იმ ფორმით, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას", - წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა.  სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება. 

პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.