რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა - პაპუაშვილის თავის მართლება და რეალობას აცდენილი განცხადება

10.05.23 19:00
რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა - პაპუაშვილის თავის მართლება და რეალობას აცდენილი განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თავის მართლება და რეალობას აცდენილი განცხადება - შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ 2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები რუსეთს მოუწოდებდნენ, რომ  საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაეუქმებინათ და დღეს ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა "ოცნების" ლიდერს ავიწყდება, რომ დღეს 2023 წელია, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხოცავს ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას, წვავს ქალაქებს, დღემდე აგრძელებს სისხლისმღვრელ აგრესიას და პუტინი მსოფლიოს ნომერ პირველ მტრად არის გამოცხადებული.

,,2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე, ფრენების ნაწილში, მოეხსნა. ამ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე, ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომა - ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში. მეორე მხრივ, ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ესკალაცია ურთიერთობების, რადგან რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის გაზრდილი რისკის ქვეშ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა. შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა.  სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან მოიხსნება. 

პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლას, ვიზების გარეშე, პასპორტის საფუძველზე შეძლებენ.