"თავიდან ბოლომდე შეკერილი საქმეა" - გიორგი მუმლაძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მუმლაძის საქმის განხილვა მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დაცვის მხარემ სასამართლოში 2 მოწმე მიიყვანა, რომლებიც, მუმლაძის დაკავებისას "ოცნების ოფისთან" იმყოფებოდნენ.
გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ დაკავების ფაქტი "შეკერილი საქმეა" და ამით "ოცნება" ოპონენტების გაჩუმებას ცდილობს.
"ქართული ოცნების" ოფისთან დაგვაკავეს, სადაც ვაპროტესტებდით დისკრიმინაციულ და ანტისახელმწიფოებრივი კარანტინის წესებს ჩვენი გალში მცხოვრები თანამოქალაქეების წინააღმდეგ, რაც დააწესა "ქართულმა ოცნებამ". პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საქმის მიმდინარეობიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ თავიდან ბოლომდე ეს საქმე იყო შეკერილი და ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, რომ მაქსიმალურად განეიტრალებული ყოფილიყო ყველაზე აქტიური ადამიანი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და არის კლასიკური პოლიტიკური დევნის მაგალითი" - თქვა გიორგი მუმლაძემ.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, 2021 წლის 14 აპრილს მომხდარ ინციდენტს ედავებიან.
მაშინ, მუმლაძე ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კოვიდ კარანტინის წესებს აპროტესტებდა, რის გამოც პოლიციამ დააკავა.
ცნობილია, რომ წარდგენილი ბრალით მუმლაძეეს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.