პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

11.05.23 12:17
პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის, მალხაზ ბარამიძის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე, მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე აღნიშნული პირის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხა.

„მალხაზ ბარამიძეს 2011 წლის 4 თებერვალს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით მალხაზ ბარამიძესთან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წელი პირობითი მსჯავრი, 6 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, მალხაზ ბარამიძემ, მისთვის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადასაცემად, 2007 წლის 12 დეკემბერს ყალბი შინაარსის განცხადება შეადგინა, რასაც საკუთარი პირადობის მოწმობის ასლი, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ შედგენილი საკადასტრო რუკა დაურთო და ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა. კომისიის წევრები და თავმჯდომარე ნ.ა ენდნენ რა წარდგენილ დოკუმენტაციას, სხდომაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 3007 კვ.მ მიწის ნაკვეთის მალხაზ ბარამიძის საკუთრებად აღიარების შესახებ, რაზეც გაცემული იქნა საკუთრების მოწმობა.

საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დგინდება, რომ მ. ბარამიძე 1991 წლიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთს კანონიერად ფლობდა და მისი მხრიდან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის განცხადებით მიმართვა, სრულიად ლეგიტიმური იყო. გამოძიების ფარგლებში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის გამოძიების პროცესში მოწმის სახით გამოკითხული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი წევრების გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ მ. ბარამიძის მხრიდან კომისიის შეცდომაში შეყვანას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა, რამდენადაც მისი მხრიდან კომისიისთვის არ ყოფილა წარდგენილი რაიმე ყალბი დოკუმენტი, ან რაიმე სხვა ფორმით დამახინჯებული ინფორმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა აღნიშნულისა, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების შუამდგომლობით მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე ლენა გახოკიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ფართობით 8702 კვ/მ.

დეპარტამენტი სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რათა დაზარალებულ მოქალაქეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„საქმეზე პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე ეტაპობრივად დაუბრუნდება სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 468 პირი, რომელთაგან 327 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 65 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 122 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 118 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.