"რატომ დასანქცირდნენ მოსამართლეები, თუ მარტო ჩიტები და პეპლები დაფრინავენ სასამართლოში" - დებატები პარლამენტში

11.05.23 13:50
"რატომ დასანქცირდნენ მოსამართლეები, თუ მარტო ჩიტები და პეპლები დაფრინავენ სასამართლოში" - დებატები პარლამენტში

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, პროექტი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა. აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიცია აკრიტიკებს.

ანა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნებს "ქართული ოცნება" არ ითვალისწინებს. 

"ლელოს" წევრი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში ცვლილებები აუცილებელია, რადგან მარტო ჩიტები და პეპლები რომ დაფრინავდნენ სასამართლოში, მაშინ მოსამართლეები არ დასანქცირდებოდნენ.

"ვენეციის კომისია ამ დასკვნაში წერს, რომ 4 დასკვნა გვაქვს მომზადებული თქვენთვის, საქართველოს ხელისუფლების მიმართვის საფუძველზეო და ეს 4 დასკვნა დღემდე გათვალისწინებული არ არისო და, რომ გადავხედე, მე, მაგალითად, მომერიდებოდა. 2019-ში, 2020-ში, 2021-ში, 2022-ში, დასკვნები ჩამოვიდა. შემიძლია გახაზული მოგიტანოთ, პაპუაშვილს მივუტანე და როგორც ჩანს, ვერ მოიცალა წასაკითხად. ეტყობა, არ გაქვთ წაკითხული და შეგიძლიათ, რომ წაიკითხოთ მეშვიდე პარაგრაფი. როცა, ქვეყნის წამყვან თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეები არიან სანქცირებული და მათი მართვის სისტემა არის სანქცირებული, თქვენ, როგორც კანონმდებელს, რაღაც რეაგირების ვალდებულება გაქვთ ხომ? აბა რატომ დასანქცირდა ის ხალხი, თუ ჩიტები და პეპლები დაფრინავენ მარტო სასამართლოში და სხვა არაფერი არ ხდება. ამის საპასუხოდ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებებზე თუ მუშაობთ?" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

"ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი კი ამბობს, რომ ვენეციის დასკვნა თავადაც წაკითხული აქვთ და დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ რეკომენდაციები არ სრულდება.

"ჩვენც ვიცნობთ, მარტო თვენ არ იცნობთ ამ, დასკვნას და ყურადღებით გავეცანით, რომ არცერთი რეკომენდაცია არ არის შესრულებული, არსად არ არის ნათქვამი ვენეციის კომისიის დასკვნაში. რა კომპოზიციას უნდა გადავხედოთ, რა უნდა შეიცვალოს ან რა საკონსტიტუციო რეფორმა უნდა ჩავატაროთ, არის სრულიად გაუგებარი და შესაბამისად, ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებას არ ვაპირებთ. კონსტიტუციას სჭირდება სტაბილურობა და კონსტიტუციას არ სჭირდება ყოველ ჯერზე ცვლადობა" - ამბობს ანრი ოხანაშვილი.