კაცი, რომელსაც 14 წლის შვილი სექსუალურ ძალადობაში ამხელს, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

11.05.23 14:24
კაცი, რომელსაც 14 წლის შვილი სექსუალურ ძალადობაში ამხელს, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

კაცი, რომელსაც 14 წლის შვილი სექსუალურ ძალადობაში ამხელს, დანაშაულს არ აღიარებს. თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს მსვერპლის მეზობელი 28 წლის კაციც. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გახმაურებული პროცესი უკვე დასრულდა.

დაცვის მხარე გოგონას მამის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

"სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა ბრალდებულს. ჩვენი პოზიცია იყო, რომ არცერთი აღკვეთი ღონისძიება არ შეფარდებულიყო, ვინაიდან საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომელიც გონივრულად დაადასტურებდა ბრალდებულის დანაშაულს. თავს არ ცნობს დამნაშავედ. სხვას ვერაფერ ვერ გეტყვით."- თქვა ადვოკატმა.

ორივე პროცესი, როგორც მამის, ისე მეზობლის, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე დახურული იყო. 

შეგახსენებთ, რომ საქმეში არის გოგონას შემზარავი ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ მამა მასზე 5 წლის განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა.

საქმეს ასევე მალე დაერთვება ახალი მთავარი მტკიცებულებაც, საუბარია  ექსპერტიზაზე, რომლის დასკვნაც, სავარაუდოდ, 48 საათში იქნება.