ოცნების დემარში - პარტიამ ევროპელი სოცილისტების ჯგუფი დატოვა
ქართული ოცნება ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, PES-ის "იდეოლოგიური ტრანსფორმაცია" შეუთავსებელია ქართული ოცნების და ქართული საზოგადოების ხედვებთან.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, ეს ეცნობება ევროპის სოციალისტურ პარტიას" - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ 2015 წლიდან დღემდე, "ევროპის სოციალისტურ პარტიას" არცერთი ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია ქართული ოცნების მხარდასაჭერად.
ევროპის სოციალისტური პარტიის ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა ევროპის სოციალისტური პარტიიდან მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, ევროპის სოციალისტურ პარტიას მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არც ერთხელ არ დაუგმია. ასეთ პირობებში ევროპის სოციალისტურ პარტიაში ქართული ოცნების წევრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არა თუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო", - თქვა კობახიძემ.