"ოცნება": ეს შეიძლება, უნდოდეს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა რუსეთისთვის სანქციების დაწესებით დავსჯით საკუთარ ხალხს და ქვეყანას

11.05.23 14:43
"ოცნება": ეს შეიძლება, უნდოდეს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა რუსეთისთვის სანქციების დაწესებით დავსჯით საკუთარ ხალხს და ქვეყანას

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე კომენტარს აკეთებს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, "სანქციების მოხსნა კარგია":

როდესაც საუბარია ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებაზე, ასეთი რაღაცაც კი გაისმა ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ ხელი უნდა შევუწყოთ, არა ხელი უნდა შევუშალოთ, ხელი უნდა შევიწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან, საკუთარ სამშობლოსთან. ამ პირობებში მიუღებელია ყოველგვარი საუბარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, ჩვენ დავსჯით საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. როცა შესაბამისად ოპოზიცია ასეთ რაღაცებზე საუბრობს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ"- თქვა კობახიძემ. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნისთვის იმეტებდნენ ქვეყანას და მოსახლეობას ის ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

შარშანდელი მონაცემებით, ეს იქნებოდა სულ მცირე ეკონომიკის 10-პროცენტიანვარდნა, 10-დან 18 პროცენტამდე ეკონომიკის ვარდნა. ეს უნდათ ამ ადამიანებს საქართველოს სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის. 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნისთვის იმეტებდნენ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ის ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. დღესაც, როდესაც კონკრეტული პირები ითხოვენ ამ სანქციების დაწესებას, იგივესთვის უნდათ მათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის გამეტება, რაც არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი. ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ეს შეიძლება უნდოდეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ეს არის მისი არჩევანი, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი დასჯისთვის, სანქციებისთვის, მითუმეტეს ასეთი მძიმე დასჯისთვის, რაზეც არის საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.