შაჰინი და რიში სააკაშვილის მეგობრები იყვნენ, იწონებდნენ სისხლიან რეჟიმს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე გავლენიან ამერიკელ სენატორებს ისევ უპირისპირდება - ირაკლი კობახიძემ ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის წერილი შეაფასა და თქვა, რომ ისინი "სააკაშვილის რეჟიმის" მეგობრები არიან.
რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიის საკითხს, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ჯგუფის ჩამოსვლაში პრობლემას ვერ ხედავენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია პარალელური ხმის დათვლა არ გაყალბდეს, რაც მისი მტკიცებით, წინა არჩევნების შემთხვევაში მოხდა.
"ეს ორი სენატორი 2012 წლამდე იყო ბედნიერი საქართველოში დემოკრატიული პროგრესით. ეს ხდებოდა 2012 წლამდე, ისინი იყვნენ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მეგობრები, სამწუხაროდ, ისინი იწონებდნენ იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში 2012 წლამდე, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შეიძლება არ გაგვიკვირდეს ჩვენ, რომ დღეს ისინი ჩვენ დემოკრატიულ მდგომარეობას უწოდებენ უკუსვლას ყოველგვარი ფაქტის და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. არის აშკარა პოლიტიკური მიკერძოება, ეს მათი არჩევანია, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ სენატორს, მათ შორის მათი პოლიტიკური მიკერძოების გათვალისწინებით, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ასეთი პოლიტიკური მიკერძოება", - თქვა კობახიძემ.
ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ 2024 წლის არჩევნებისთვის