საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე - EU

11.05.23 15:34
საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე - EU

საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე - ასე ეხმაურება  ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი პიტერ სტანო კრემლის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასა და ფრენების აღდგენაზე.

სტანო აცხადებს, რომ სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების პარკის 95%-ს არ შეუძლია თვითმფრინავების განახლება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად

11 მაისს გამართულ ბრიფინგზე მან მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "მათ შორის ავიაციის სექტორში" .

"ჩვენ რა თქმა უნდა, მივიღეთ ცნობა რუსეთის ხელისუფლებისგან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ. ამ კონტექსტში, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრიანაში რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა ქვეყანამ სანქციები დაუწერა რუსულ ავიაციის სექტორს - ჩვენ ავკრძალეთ ფრენები რუსეთში, რუსეთიდან და რუსეთის გავლით.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ისწრაფვის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის ავიაციის სფეროში. ასევე შეინარჩუნოს სიფხიზლე არსებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, განსაკუთრებით, ავიაციის სექტორში.

უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე.

სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების პარკის 95%-ს არ შეუძლია თვითმფრინავების განახლება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხია". - განაცხადა პიტერ სტანომ.