მისასალმებელი გადაწყვეტილებაა - ღარიბაშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

11.05.23 18:23
მისასალმებელი გადაწყვეტილებაა - ღარიბაშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

პრემიერ-მინისტრი რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მიესალმება - "ყველაფერი რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი"- უთხრა მედიას მთავრობის მეთაურმა. 

ირაკლი ღარიბაშვილს წინა ხელისუფლება დღესაც არ დავიწყებია და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ომის შემდეგ საქართველომ ცალმხრივად მოუხსნა ვიზები რუსეთის მოქალაქეებს.

მინდა, შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენამდე, სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი, ცალმხრივად, ისე რომ არაფერი მოუთხოვია, არც მოლაპარაკებები გამართულა და არაფერი, აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ტერიტორიების 20% დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, ამის შემდეგ, გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. ასევე, პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს.

ასევე, გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რომ რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდოდა ინვესტიციები და ეს ყველაფერი ხდება ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ გონივრული, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გამოეჩინათ და პოზიცია გამოეჩინათ, სანაცვლოდ უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი პირობის გარეშე მოხსნეს უვიზო რეჟიმი"- განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთთან უვიზო რეჟიმი  საქართველომდე, ჰქონდა უკრაინას და მოლდოვას.

ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვას დღესაც აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან.  მოლდოვა არის დსთ-ს წევრი. რატომ გავაკეთე ასეთი ვრცელი კომენტარი - მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი, გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.