ვისთან ჩამოვიდა ივანიშვილი?
ექსკლუზიური კადრები, პირველმა დღეს დილით დაახლოებით 12 საათზე გადაიღო. ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციას, ოლიგარქის პირადი ვერტმფრენი ტოვებს. საფრენი აპარატი რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი თბილისის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ტოვებს.
ვისთვის და რის სათქმელად ჩამოფრინდა ოცნების დამფუძნებელი გასაიდუმლოებულია, თუმცა ამ კადრების გადაღებიდან 1 საათში ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. შეკრება ხანმოკლე იყო, გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ შეკრებამდე მიღებული.
შედგა თუ არა შეხვედრა შუშის სასახლეში? ირაკლი კობახიძე ივანიშვილთან აუდიენციას ვერ უარყოფს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოლიგარქი ორი წელია თვალით არ უნახავს. კითხვამ ყველაზე მეტად მამუკა მდინარაძე გააღიზიანა, თუმცა ივანიშვილის თბილისში საგანგებოდ ჩამოფრენა არ გამორიცხა. ვინ მიაღებინა ოცნებას ევროპული პოლიტიკური ჯგუფის დატოვების გადაწყვეტილება? მეტი სიცხადე ამ ამბავში თავად პარტიის ლიდერებმა შეიტანეს.
დემარშის მთავარი ფაქტორი რომ ოლიგარქი იყო, ეს დღეს არც ღარიბაშვილს და არც კობახიძეს დაუმალავთ. პრემიერმა და ოცნების თავმჯდომარემ პირდაპირ თქვეს, რომ მას შემდეგ გაბრაზდნენ, რაც ევროპის სოციალისტურმა პარტიამ ივანიშვილის წინააღმდეგ რეზოლუციას ხელი მოაწერა.
წყენა დიდი ხანი ვერ დამალეს და ვიდრე ევროპული პოლიტიკური ჯგუფი ოცნების გარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებდა, პარტიამ თავად დაასწრო და გაასწრო. ახლა ევროპაში ივანიშვილის ოცნებას მოკავშირე აღარ ჰყავს.
ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტში ერთადერთი პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფი დემარშით დატოვა - ყველა დეტალი ნახეთ, რუსუდან დუმბაძის სიუჟეტში