საქართველოს ეროვნული დროშის შეურაცხყოფის უმძიმეს ფაქტს "ოცნების" ხელისუფლება დუმილით ხვდება
საქართველოს ეროვნული დროშის შეურაცხყოფის უმძიმეს ფაქტს საქართველოს ხელისუფლება სრული დუმილით ხვდება. არცერთი სიტყვა და არანაირი რეაქცია რუსი ოკუპანტების პროვოკაციაზე. ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა ვაგნერის დაჯგუფების წევრებმა უნიტაზში ჩააგდეს და ზედ მოისაქმეს. შემდეგ ქართველების წინააღმდეგ მუქარის შემცველი ვიდეო გადაიღეს და გაავრცელეს.
ფრონტის ხაზიდან გავრცელებულ ვიდეო - მასალაში, ვაგნერის დაჯგუფება ამტკიცებს, რომ მათ ქართული დანაყოფი გაანადგურეს. ეროვნული სიმბოლიკა კი იმის გამო შეურაცხყვეს,რომ თბილისში პროტესტის ნიშნად თვეების წინ რუსული დროშა დაწვეს.
ქართველი სამხედროები ფრონტის ხაზიდან პირდაპირ ამბობენ, რომ ეს იყო მათი შეურაცხყოფა და მოქმედებას ითხოვენ როგორც ხელისუფლებიდან ისე ოპოზიციიდანაც.
იმ ფონზე როდესაც ქართული ოცნება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს პროვოკაციად აღიქვამს, რუსულ აგრესიას ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლე ეწირება. ოკუპანტი ქვეყნის ჯართან პირისპირ შეტაკებებს კიდევ ერთი ახალგაზრდა შეეწირა. 24 წლის ჯარისკაცი ხრომოვოესთან ოკუპანტებთან პირისპირ შეტაკებების დროს დაეცა. უცხოური ლეგიონი ამ დროს ბახმუტის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციას ახორციელებდა.
ქართველი ჯარისკაცის ცხედრის გამოყვანის სპეცოპერაცია ქართველი და უკრაინული დანაყოფების მიერ ამ დრომდე გრძელდება.