თუ არსებობს ქვეყანაში ორი ადამიანი, რომლებიც თამამად ჩახედავენ ერთმანეთს თვალებში, ეს მე და სააკაშვილი ვიქნებით - მელია
ნიკა მელია ამბობს, მის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სახელი ძალიან ცუდად გამოიყენეს და ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების გზა მარტივი ვერ იქნებოდა.
მელიამ "რეაქციის" ეთერში პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის თვალებში ჩახედვის არასდროს შერცხვება, პირიქით, სწორედ ის იქნება ის ადამიანი, ვისაც ამას თამამად გააკეთებს, როცა მესამე პრეზიდენტს შეხვდება.
"ალბათ, თუკი არსებობს ვინმე ორი ადამიანი ქვეყანაში, რომელიც ძალიან თამამად ერთმანეთს თვალებში ჩახედავს, როცა ერთმანეთს შეხვდებიან, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილი და მე, როდესაც მას შევხდები და ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ.
ჩემთვის სისაძაგლე იყო მისი სახელის გამოყენება, თავიდან ბოლომდე რაც გააკეთეს სისაძაგლე იყო... კარგით, მე არ ვარგივარ, მე ვერ გავაკეთე, თქვენ რას აკეთებთ, სად არის უწყვეტი აქციები? თავისივე დაპირებების უტყვეობაში აღმოჩდნენ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა ვერ იქნებოდა მოკლე და ბიძნა ივანიშვილის დამარცხებაზე გადიოდა. ამდენი დამთხვევების მე არ მჯერა". - თქვა ნიკა მელიამ.