სიცრუეზე აგებულ კამპანიას წერტილი დაესვა - კობახიძე სტრასბურგზე
"ქართული ოცნება" სტრასბურგის გადაწყვეტილება საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ხელისუფლება თითოეული პატიმრის უფლებას იცავს და ეს კიდევ ერთხელ გაცხადდა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ წელიწადნახევრიან კამპანიას, თიტქოს სააკაშვილს ციხეში კლავდნენ, წერტილი დაესვა.
ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არავითარი პერსპექტივა და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი. ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, დაწესებულებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თითოეული პატიმრის უფლება იყოს დაცული, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწანახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო აბსოლუტურად სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული კამპანია და ამ კამპანიას დაესვა წერტილი, - თქვა კობახიძემ.