"ოცნების" მერობის კანდიდატი - მმართველი გუნდი ივანიშვილის ვერდიქტის მოლოდინშია

18.05.21 15:24
"ოცნების" მერობის კანდიდატი - მმართველი გუნდი ივანიშვილის ვერდიქტის მოლოდინშია

ვინ იქნება „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი - მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ვერდიქტის მოლოდინშია. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა ჯერ არ იცის ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ვინაიდან გადაწყვეტილება პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს ჯერ არ მიუღია. 

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს მოგვიანებით დაასახელებენ და ეს სავარაუდოდ, კახი კალაძე არ იქნება. 

იმდენად პრინციპული საკითხია, რომ შეიძლება აქ თავად პარტიამ კი არ გადაწყვიტოს, არამედ შეიძლება სწორედ მისმა ყოფილმა თავმჯდომარემ თქვას საბოლოოდ პოზიცია. ეს დაშვება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს. ეს იქნება ცოტა უფრო გვიან, იმიტომ, რომ როგორც წესი, არ ახასიათებს მმართველ  პარტიას გადაწყვეტილებების მიღება ორგანიზებულად, პროგნოზები ლოგიკას არ მიყვება ხოლმე მმართველი პარტიის შემთხვევაში. მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ სხვა კანდიდატზე შეჩერდება არჩევანი, - ამბობს ეკა ბესელია. 

„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ კახი კალაძეს „ქართული ოცნების“ მერობა არ სურს, თუმცა ივანიშვილი მას ამის გაკეთებას აიძულებს. 

კალაძე თვითონ, როგორც ასეთი, ყველაზე კარგად გრძნობს რა პოტენციალი გააჩნია მას მოგების. მაქსიმალურად შეეცდება, რომ ის არ იყოს „ქართული ოცნების“  მერი და ის ფინანსები, რომელიც მან ამ მერობის პერიოდში დააგროვა შეინარჩუნოს. თუმცა არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას ამის საშუალება მისცეს. აუცილებლად, მე მაინც მგონია, რომ კალაძეს ზეწოლა ექნება. რამდენად გაუძლებს ეგ არ ვიცი და კანდიდატად ალბათ აიძულებენ მაინც, რომ კალაძე დადგეს, - ამბობს დავით ჭიჭინაძე. 

ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია სურს თუ არა თავად კახი კალაძეს თბილისის მერობა. 
 

მსგავსი სიახლეები