საქართველოს ხელისუფლებას უნდა, 2024 წელს რუსული არჩევნები ჩაგვიტაროს - გიორგი გახარია
საქართველოს ხელისუფლებას უნდა 2024 წელს რუსული არჩევნები ჩაგვიტაროს - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხმაურიანი განცხადებით გამოჩნდა.
გიორგი გახარია, რომელიც ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება, ამბობს, რომ პარტნიორებს "სამწუხარო განწყობები" აქვთ და ძალიან დიდი იმედგაცრუებაა.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი აღნიშნავს, რომ ქვეყნის მეგობრები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება საერთოდ საქართველოში კითხვის ნიშნები არსებობდეს ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით.
რაშიც დავრწმუნდი დღეს აქ, და ბოლო პერიოდში ევროპაში შეხვედრების შედეგად, გახლასვს ის, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, საერთოდ არაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. უბრალოდ რომ გაჩერებულიყვნენ, არაფერი რომ არ ექნათ, საქართველოს დღეს ექნებოდა გარანტირებული ევროპული მომავალი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად.
დღეს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოური ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი დააანონსა. შემდგომ გულთბილად მიესალმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს.
რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის წესი შეცვალა და დარწმუნებული ვარ, ასეთ იდიოტურ ნაბიჯებს კიდევ გააგრძელებენ, საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად და ხელოვნურად აყენებენ კითხვისნიშნის ქვეშ. ჩვენი მეგობრები ვერ ხვდებიან, საქართველოს მთავრობა რატომ იქცევა ასე, ვერ ხვდებიან, სად დაუშვეს მათ შეცდომა, რა არის ამის მიზეზი და ა.შ... რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე და ქართველი ვერ ავუხსნი და ვერ ვეტყვი ასე ღიად და პირდაპირ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნოს და ქოლცენტრებში მოპარული ფული რომ შეინარჩუნოს და რეალურად რომ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს მოქალაქეები და მათი ევროპული მომავალი.
ამის თქმა აქ ნუ უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ეს ის პასუხისმგებლობაა, რომლითაც ჩვენ ხვალიდან უნდა ვიმოქმედოთ საქართველოში, იმისთვის რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელი რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და ეს ტყუილები, რასაც ახლა გვიყვებიან, ნუ უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა იმას, სად, როდის და ვისთან ერთად იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და სად მუშაობს კულტურული მრავალფეროვნება. ეს ჩვენ თუ არ დავინახეთ და არ გავითვალისწინეთ, მთელი ეს ეპოქა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ იქნება ფუჭად დახარჯული დრო და ეს იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების წინაშე, რომლებიც ამ კითხვებს დაგვისვამენ და ყველას უნდა ესმოდეს, რომ კორუფციულ ფულზე გაცვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, თუ არ ვიმოქმედეთ, ყველას წარგვიდგენენ. ჩვენ თუ გვინდათ გადავარჩინოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი რელიგია, ჩვენი კულტურა, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები რომ იყვნენ კონკურენტულები თანამედროვე სამყაროში, ერთადერთი გამოსავალი არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა. ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენი ხანდაზმულები იყვნენ დაცულები, ჩვენი ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები, ნორმალური ხელფასები, ნორმალური პენსიები, ნორმალური გარემო, სამართლიანობა და არა ის ცირკი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს როგორც რაღაც მიღწევებს, რა თქმა უნდა, ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენ თუ გვინდა, რომ თითოეულ ქართველს, არჩევანის უფლება არ წაგვართვან, რასაც ახლა აპირებენ, სხვათაშორის, ესეც რა თქმა უნდა, ევროპულ სივრცეშია შესაძლებელი, აბა სადმე გაგიგიათ, სამართლიანი არჩევნები რუსეთში? დღეს რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, მათ უნდათ რომ 2024 წელს ჩაგვიტარონ რუსული არჩევნები. საკითხი ისე კი არ დგას, გვაქვს თუ არა კიდევ შანსი? შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს და რა თქმა უნდა ამას მივაღწევთ, ჩვენ დავიცავთ ევროპულ მომავალს, არჩევანზეც აღარაა, ჩვენ უკვე სხვა გზა აღარ გვაქვს"- აცხცადებს გახარია.